სათაური: 2020 წლის აპრილის მემუარები
ხმები: 3
კატეგორია: რჩეული ფოტოები
ნახვები: 499
აღწერა: პანდემის გამო ერთი თვეა თითქმის სულ სახლში ვარ. ძალზედ მწყურია ველად გაჭრა... გაზაფხულია. საქართველოს ბევრი ფრინველი სტუმრობს. ზოგი საბუდრად, ზოგიც „დიდი მოგზაურობისას“ გზად ჩერდება ენერგიის აღსადგენად. მოკლედ, კარგი დროა ფრინველთა ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის. ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებიც კორონა ვირუსს სოფლად გაექცნენ, ყოველდღიურად ახალ-ახალ ფოტოებს დებენ ფეისბუქზე. უხარიათ, თავს იწონებენ. მეც მიხარია, მეც ვუწონებ. თუმცა გულიც მწყდება, მეც მინდა ველად. და აი, აპრილის 27 დღეს ვეღარ გავძელი. გადავწყვიტე სოფელს წასვლა, ვითომდა ვენახის დასამუშავებლად კახეთს გავეშურე. ჩავედი. დედა და მამა გახარებულები შემომეგებნენ. ვახშმად მჯდომს მამა წითელ ღვინით ჭიქას მივსებს და თან მეკითხება: - ხვალ ვენახში მივდივარ, წამოხვალ? - ვერა, საფოტოგრაფოდ უნდა წავიდე - ვპასუხობ მცირე სიჩუმის შემდეგ. არაფერი არ უთქვამს, მანქანაზე გადამიტანა საუბარი. თუმცა უსიტყვოდაც მივხვდი მის ნაფიქრალს. მეორე დღეს ღამიანად გავედი. გზად მანქანის მიერ გატანილი მელია დავინახე. შემეცოდა. მანქანა ავარიდე. ჩავუარე. უცბად, რაღაც მომივიდა აზრად. მანქანა გავაჩერე, უკან დავწიე, მელია მანქანაში ჩავდე და გზა განვაგრძე. ყველაფერი მოვამზადე, თუმცა 3 საათის განმავლობაში ამაოდ ველოდი რამის მოსვლას. ძლიერი ქარია, თან ცრიის. გავიყინე. სამალიდან გამოვედი და მანქანისკენ გავეშურე. რამოდენიმე წუთში უკან მანქანით დავბრუნდი. მანქანა სატყუარასთან 120-150 მეტრზე გავაჩერე, თუმცა იმედი არ მაქვს. „ისე არ მოვიდა არაფერი და მანქანით ასე ახლოს მყოფს თავზეც არ გადამიფრენენ“ - გავიფიქრე და ძრავი გამოვრთე. თბილ მანქანაში, წვიმის წვეთების წკაპა-წკუპზე ტკბილად ჩამეძინა. დაახლოებით 40-50 წუთის მერე რაღაცამ გამომაღვიძა. წვიმას გადაუღია, მხოლოდ ქარი ზუზუნებს. ინსტინქტურად „სატყუარას“ გავხედე და ჰოი, საოცრებავ! არწივები მოსულან სტუმრად. ჩხაკ, ჩხაკ, ჩხაკ არ ჩერდება ჩემი აპარატი. და აი, სულ მალე უკვე რამოდენიმე ათასი ფოტო მაქვს. გავთამამდი, ახლო მოვინდომე მისვლა. ჩემი პირველივე მოძრაობა არწივთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. კვლავ მარტო დავრჩი. ფოტოებს ვათვალიერებ. რაც არ მომწონს ვშლი. გავალ ბოლოში და ახლიდან ვიწყებ. რამოდენიმე ასეულზე ვჩერდები. არცერთი აღარ მემეტება წასაშლელად იმის მიუხედავად, რომ მათგან მხოლოდ რამდენიმე მომწონს. სახლში გახარებული დავბრუნდი. ჭიშკარი მამამ გამიღო. მანქანა გავაჩერე. გადმოვედი. - რა ქენი? როგორ ჩაიარა შენმა ფოტოგრაფიამ? - ირონიით მეკითხება მამა. - შინ შევიდეთ და გაჩვენებ - ნიშნის მოგებით ვპასუხობ მე. მამამ თავი გაიქნია და ჭიშკარი დაკეტა. სახლში შევედით. ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო შევარჩიე და მამას ვაჩვენე. - არწივია? არასდროს მინახავს ასე ახლოდან. - კი არწივია, ველის არწივი, ძალზედ იშვიათია ჩვენში. - ჰმ, ნამდვილად ეკუთვნის მეფობა.